მსოფლიოს ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ "მშვიდობის ფონდმა“ სახელმწიფოებრივი სიმყიფის 2022 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 178 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს და ადგენს მსოფლიო რეიტინგს ქვეყნების სიმყიფისა და მდგრადობის საფუძველზე. რეიტინგის სათავეში ყველაზე არამდგრადი სახელმწიფოების ჩამონათვალია, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მდგრადი ქვეყნები. საქართველომ 2022 წელს სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა და 79-ედან 80-ე ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მდგრადობის გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 29 ადგილით არის გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ ინდექსის მიხედვით 10 წლის წინ საქართველო ევროპის, შავიზღვისპირეთის და კავკასიის ყველაზე არამდგრადი სახელმწიფო იყო და მსოფლიოს მყიფე ქვეყნებს შორის 51-ე პოზიციას იკავებდა ლიბიასა და კოლუმბიას შორის.
2022 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო მდგრადობით რეგიონში უსწრებს თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს.
ანგარიშის თანახმად მსოფლიოს ყველაზე მდგრადი სახელმწიფოებია ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, ახალი ზელანდია, დანია და შვეიცარია( შესაბამისად 179-174-ე სარეიტინგო პოზიციებზე).
ყველაზე მყიფე და საგანგაშო ქვეყნებად დასახელებულია იემენი და სომალი.