27 იანვარი 2023,   22:26
ვრცლად
თბილისში მომხდარი სასტიკი ფემიციდის მოტივი ცნობილია - რის გამო მოკლა 65 წლის მამაკაცმა საკუთარი ცოლი და რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

მორიგი ფემიციდი - ცნობილია მოტივი, რის გამოც 40 წლიანი ქორწინება ცოლის მკვლელობით დასრულდა. მიზეზი ეჭვიანობაა. სწორედ ამის გამო 65 წლის მამაკაცმა სამუშაო ინსტრუმენტი აიღო და მძინარე მეუღლე საწოლში სასტიკად მოკლა. დანაშაულის ადგილი ისანი, ჟონეთის ქუჩის 48 ნომერია.

ეჭვიანობის მოტივს გამორიცხავენ გარდაცვლილის ოჯახში. დღეს მკვლელის ახლობლები "კურიერს" დანაშაულის ჩადენის კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზზე ესაუბრნენ. ირკვევა, რომ მამაკაცს ინსულტი აქვს გადატანილი. ზაქრო ვარდიაშვილის ახლო ნათესავები მომხდარს სწორედ მისი ჯანმრთელობის პრობლემასთან აკავშირებენ.

მჭიდრო დასახლების მიუხედავად, დანაშაულის დეტალები უცნობია მეზობლებისთვის. მათ საზარელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავადაც ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს.

უმძიმეს დანაშაულში მხილებულისთვის ბრალის დაზუსტების შემდეგ, აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლომ იმსჯელა. მკვლელობისთვის დაკავებული სხდომაზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. სისხლის სამართლის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ 65 წლის მამაკაცმა დანაშაული უკვე აღიარა.

ცოლის მკვლელის ინტერესებს ახლა სახაზინო ადვოკატი იცავს. იურისტი ბრალდებულის სასამართლოში დაცვას დიდი ალბათობით ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემის წამოწევით შეეცდება. პროკურატურა კი, თავის მხრივ შეეცდება მოსამართლის დარწმუნებას, რომ დაკავებულს უმძიმესი სასჯელი მიესაჯოს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები