10 აგვისტო 2022,   23:54
ვრცლად
ომის 122-ე უკრაინაში, განკარგულება გაცემულია - თითქმის 4 თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას ტოვებენ

ომის 122-ე უკრაინაში - ოკუპანტები პოზიციების გაუმჯობესებას აღმოსავლეთის ფრონტზე ცდილობენ. შეტევა არ წყდება სევეროდონეცკზე, ქალაქში სულ უფრო მეტი რუსული ტექნიკა და ცოცხალი ძალა შედის. განკარგულება გაცემულია - თითქმის 4 თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას ტოვებენ.

საოკუპაციო ძალა აგრძელებს მასშტაბურ იერიშს უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით. იერიში მიაქვთ ძირითადად დასახლებულ პუნქტებზე. იქ, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არის. 

რუსებმა კრივოი როგი დაბომბეს. მძიმე დაზიანება მიიღო 60 წლის ქალმა. განადგურდა რამდენიმე სახლი. ღამის განმავლობაში დაიბომბა ასევე შიროკე და ზელენოდოლსკი. შეტევების სიხშირემ იმატა მიკოლაევზე.

სწორედ ამიტომ, ქალაქის მერი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მიკოლაევში ამ დროისთვის 230 000-მდე ადამიანი რჩება.

ასევე, ღამის განმავლობაში, თითქმის 2 თვიანი პაუზის შემდეგ საოკუპაციო ძალამ ლვოვის ოლქი დაბომბა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ საუბრობს განადგურებული ობიექტების შესახებ.

"დღეს დილის 4 საათზე იავოროვის რაიონში სამხედრო ობიექტზე შავი ზღვიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. 6 რაკეტიდან ორი ჩამოგდებულია. აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მათგან სამს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება," - აცხადებს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გაიმყარეს პოზიციები ლუჰანსკის ოლქის უდიდეს ნაწილზე. როგორც უკვე ცნობილია, უკრაინელი სამხედროები ტოვებენ სევეროდონეცკს, რომლის 90% მიწასთან არის გასწორებული. საოკუპაციო ძალა ჯერჯერობით ვერ შედის ლისიჩანსკში. აქ უკრაინელი სამხედროები ყველა სტრატეგიულ წერტილს აკონტროლებენ.

"ბრიანსკის მიმართულებით მტერი დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს. მან დაბომბა ინფრასტრუქტურა ხარკოვისა და ვიალოვის წყალსაცავის რაიონებში. დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებასა და ჯარების გადაჯგუფებაზე. სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს. შავ და აზოვის ზღვებში მტრის გემები მობილიზებული არიან სარაკეტო იერიშების განსახორციელებლად უკრაინის ტერიტორიაზე. იმ ადგილებში, სადაც საომარი მოქმედებებია ოკუპანტები ძლიერ დანაკარგებს განიცდიან. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული მოძრაობა ძლიერდება," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

დღის ამბები