საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა ისევ მიმდინარეობს და პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"3 ასეთი სავარაუდო შემთხვევა იყო, 2-ზე გამოირიცხა, 1 - ზე კი, სადაც მეტი ეჭვი იყო როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ლაბორატორიულად, ღრმა გენომური კვლევა მიმდინარეობს. სამივე პაციენტი იყო ძალიან მსუბუქი, მათ შორის ის, სადაც სავარაუდოდ იდენტიფიცირებულია, იქაც გახლავთ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობა. ავადმყოფს უკვე არაფერი აწუხებს, გამონაყარიც ალაგდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, აქამდე, ქვეყანაში მსგავსი ტიპის კვლევა არ ჩატარებულა და ამიტომ, უფრო მეტი დროა საჭირო.
"მიმდინარე სეზონზე, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები უჩვეულოდ გავრცელდა ევროპის რეგიონში. ჩვენთან, ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად ამას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა იმისთვის, რომ დიაგნოზი დადასტურდეს, მაგრამ კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი და ამდენად, ამ კუთხით, ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით", - აცხადებს თამარ გაბუნია.