15 ივნისი 2026,   00:59
ვრცლად
"არანაირი შემხებლობა ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ" - კაკულიების ადვოკატი

ძმებ კაკულიებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით, დავით და გუგა კაკულიები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალი ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაცით, 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, მათ ბრალი კიდევ დაუმძიმდეთ. ერთ-ერთი ვერსიით, მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. დღეს ამ საქმეებთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.

ძმები კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შემხებლობა არ აქვთ.

"როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, საერთოდ თუ დაიწყო, რა თქმა უნდა გამოვიკვლეთ თუ მსგავსი მტკიცებულებები არსებობს და შევხედავთ საერთოდ რაზე საუბრობს ბრალდების მხარე - თუ ვინ არიან ამომცნობები და რა ნახეს. ბელიაშვილზე, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ტაქსით გადაადგილება დანაშაული არ არის. არანაირი შემხებლობა ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ." - აცხადებს ადვოკატი.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილი თქმით, ცნობილია დაახლოებითი პერიოდი, როდესაც ძმები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, თუმცა ამბობს, რომ კითხვაზე იყვნენ თუ არა ბრალდებულები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს საქართველოში - ამ ეტაპზე პასუხს ვერ გასცემს.

"ერთ-ერთი მოწმე არის ფაქტის მომსწრე პირი, ასევე ტაქსის მძღოლები. შინაარსში ნუ შევალთ, თუმცა ერთ-ერთი მოწმე არის ტაქსის მძღოლი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე ამგზავრა ბრალდებულები.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია." - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები