მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი ყველაზე მწვავედ დგას. ქალაქში ჰუმანიტარულ კრიზისს ემატება ის ფაქტიც, რომ ოკუპანტებს 400-მდე მოსახლე ერთ-ერთ საავადმყოფოში მძევლად ჰყავთ აყვანილი. რუსული არმიას მძველები ჰყავს აყვანილი ბუჩაშიც - ამ შემთხვევაში, დაიკავეს საკრებულოს შენობა.
ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი ისევ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰუმანიტარულ კორიდორებთან მიმართებით. ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ესვრიან საევაკუაციო კოლონებს და დასახლებულ პუნქტებს.
"რუსი ოკუპანტები და მისი კურატორები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას ჰუმანიტარულ კორიდორებთან მიმართებით, საიდანაც დაიგეგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ისინი ესვრიან საევაკუაციო კოლონებს და დასახლებულ პუნქტებს. ამის მიუხედავად, უკრაინული მხარე აქტიურობს ყველაზე ცხელი ადგილებიდან ხალხის ევაკუაციისთვის. გარდა საევაკუაციო კოლონების მუდმივი დაბომბვისა, მძევლად აჰყავთ თანხმლები პირები. ტყვეობაში რჩება ალექსი დანჩენკო. გუშინ ოკუპანტებმა აიღეს მარიუპოლის რეანიმაციული საავადმყოფო, მძევლად აიყვანეს 400 მშვიდობიანი მოქალაქე - ქალაქის მცხოვრებლები, სამედიცინო პერსონალი. ახლა კი საავადმყოფოდან ისვრიან. ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ადამიანების გადაადგილებას ჰუმანიტარულ დერეფნებში," - ამბობს ირინა ვერეშჩუკი.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე მესამე კვირაა გრძელდება, რუსეთის გეგმები კიევის აღებაზე ან თუნდაც კიევის ალყაში მოქცევაზე, მთლიანად ჩაშალა უკრაინელმა ჯარმა.
"დღეს შემიძლია ვთქვა - ჩვენ სამხედროებთან, მუდმივად ვმუშაობთ ტერიტორიულ თავდაცვაზე. რუსეთი ვერასდროს შეძლებს კიევის აღებას. არასოდეს! შესაძლოა როგორც ბოლო საშუალებად, მათ შეძლონ ზოგიერთი შენობის ხელში ჩაგდება, მაგრამ ისინი ვერ დაიჭერენ ხალხს. დედაქალაქი კიევი მხოლოდ შენობები არაა. კიევი, უპირველეს ყოვლისა, მისი ხალხია. რუსი დამპყრობლები დაბომბვას იყენებენ ქალაქში შიშისა და პანიკის გასაღვივებლად, მაგრამ მისი ეფექტი საპირისპიროა. ის ბადებს ბრაზს, სიძულვილს და შურისძიების სურვილს," - აცხადებს ვიტალი კლიჩკო.