უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ლიდერებმა. კიევში ვიზიტის დროს ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. მათი განმარტებით, უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთი, არამედ ევროპის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. სამი ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასაც. პარტნიორებს ნდობა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
"გულწრფელად ვიტყვი, ასეთ დროს, როდესაც ბევრმა საელჩომ დატოვა უკრაინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის გამო, ამ პატივცემულ ხალხს, თავიანთი დამოუკიდებელი და ლამაზი ევროპული ქვეყნების ლიდერებს, არაფრის ეშინიათ და უფრო მეტად წუხან ჩვენს ბედზე. ისინი აქ არიან, რომ მხარი დაგვიჭირონ. ეს დიდი, გაბედული, სწორი და მეგობრული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მეგობრებით, ასეთი ქვეყნებით, ასეთი მეზობლებითა და პარტნიორებით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ დავამარცხოთ, არ ვიტყვი ვინ, ეს ყველამ ვიცით. ჩვენ ამ ქვეყნის ლიდერებს აბსოლუტურად ვენდობით და ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში ჩვენს მომავალზე ან სანქციებზე, ჩვენ 100 %-ით დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი რასაც განვიხილავთ, რეალურად მივა ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ მიზნამდე, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის,"- განაცხადა ზელენსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინას სწრაფად უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
"შეჭრა უნდა დასრულდეს. თქვენი დედები, შვილები, ცოლები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ვინც პუტინმა მოკლა, ვერასოდეს დაივიწყებენ. ევროკავშირმა უკრაინას სწრაფად უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი და მეტიც უნდა მიიწვიოს უკრაინა ევროკავშირში. ჩვენ ვეცდებით მოგაწოდოთ იარაღი თქვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო. ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად, რადგან ვიცით, რომ თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი სახლებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ სხვებისთვისაც,"-განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ აღნიშნა, რომ მათი უკრაინაში ყოფნა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულებაა უკრაინის მიმართ.
"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ თქვენს ბრძოლას, თქვენს ქვეყანას, თქვენი ჩვენის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვისაც იბრძვით. ეს ვიცით. ჩვენი ვიზიტის მთავარი გზავნილია რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროპა თქვენს გვერდითაა. ჩვენ განვაგრძობთ მეტი დახმარების მოწოდებას თქვენთვის,"-განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზიანშეიმ ხაზი გაუსვა, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ შევაქოთ სიმამაცე და იმიტომ, რომ თქვენ არამხოლოდ თქვენ სამშობლოს, არამედ თქვენ იცავთ ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს - თავისუფლებას, დემოკრატიას. ყველა ადამიანის უფლება, თავად აირჩიოს თავისი ცხოვრება და ყველა ქვეყნის უფლება, თავად ირჩიოს საკუთარი გზა. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში თქვენს დასახმარებლად. გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის იარაღით დახმარება, რათა უკრაინამ შეძლოს მიწის, ზღვის და ცის დაცვა. მტკიცედ ვუჭერთ ვუჭერთ მხარს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.,"-განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.