10 ოქტომბერი 2026,   10:59
ვრცლად
100-მდე საჩივარი გაზრდილი გადასახადის გამო - კომპანია "თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმება ერთი თვის ვადაში დასრულდება

კომპანია "თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმებას სემეკის სპეციალისტებით დაკომლექტებული ჯგუფი მომდევნო კვირიდან დაიწყებს, მონიტორინგი ერთი თვე გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი დადგინდა რომ მოქალაქეებმა ზედმეტი გადასახადი გადაიხადეს, ეს დაკორექტირდება და მომდევნო თვის ანგარიშზე დაჯდება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებს ექნება ადგილი, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიდებიან. 

"მარეგულირებელმა კომისია იმსჯელა დღევანდელ სხდომაზე და მიიღო გადაწყვეტილება როგორც თელასის ასევე თელმიკოს გასვლითი შემოწმების შესახებ. შემოწმება ერთი თვის ვადაში დასრულდება. შესაბამისად, განსაზღვრული არის შემოწმების პროგრამა. როგორც მონაცემების აღებასთან, ასევე ბაზაში განთავსებასთან, დარიცხვასთან, ქვითრების დაგზავნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი იქნება შემოწმებული,“ - ამბობს დავით ნარმანია.

ენერგო კომპანიებში შესვლის გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო კომისიაში 100-მდე საჩივარია შესული. კომპანიების შემოწმების პროცესში ერთვება ენერგოომბუდსმენიც. 

"ჩვენ მივიღეთ არა ერთი პრეტენზია მომხმარებლებისგან, ასევე ვამონიტორინგებით სოციალურ ქსელს და მივხვდით, რომ რეალურად, პრობლემა იმაზე მეტი იყო, ვიდრე გაორმაგებული ქვითრების საკითხი.

შესაბამისად, უკვე დავინტერესდით და მიმდინარე გვქონდა აბსოლუტური კომუნიკაცია როგორც თელმიკოსთან, ასევე თელასის წარმომადგენლებთან. ვაგრძელებთ ინდივიდუალურად მუშაობას ყველა იმ პრეტენზიაზე, რომელსაც მომხმარებელი გამოთქვამს და ასევე, გლობალურად ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს, რაც მოჰყვება ამ კომისიის მუშაობის შედეგებს,“ - ამბობს ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი. 

დღის ამბები