11 ოქტომბერი 2026,   13:25
ვრცლად
პანდემიით გამოწვეული კრიზისი და გლობალური გამოწვევა - ეკონომიკური გუნდის წევრები ინფლაციის დონის შემცირებას ელოდებიან

ინფლაციის დონის ზრდას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით და მსოფლიო მასშტაბით ფასების მატებით ხსნის. როგორც ეკონომიკური გუნდის წევრები ამბობენ, ინფლაცია არის გლობალური გამოწვევა და საქართველოც ამ ტენდენციის ნაწილია. თუმცა, ისინი მომდევნო თვეებში ინფლაციის დონის დასტაბილურებასა და შემცირებას ელოდებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული მონაცემი არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებლები.

"ინფლაციამ იანვარში 13.9% შეადგინა და წინა თვის წლიურ ინფლაციასთან შედარებით ინფლაციის დონე არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია არის გლობალური გამოწვევა, ფართო რეგიონის და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასშტაბით, ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მაღალმა ზრდამ.

არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა ამაზე გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებლები. მაგალითისთვის მოვიყვანდი 2011 წელს, როცა ინფლაციამ 14.3% შეადგინა.“ - ამბობს ვახტანგ ცინცაძე. 

ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს გლობალური ფაქტორებით გამოწვეულს უწოდებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. აქვე, მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი დასტაბილურება და შემცირება.

"მიმდინარე თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია აბსოლუტურად გლობალური ფაქტორებით. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც არა ერთხელ აღნიშნავს. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო ვერ იქნება სამწუხაროდ გამონაკლისი ამ ტენდენციიდან. თუმცა, ჩვენ მომდევნო თვეებში, მიმდინარე თვიდან დაწყებული, ველოდებით ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვან დასტაბილურებას, შემცირებას.

მე მინდა გამოვეხმაურო იმ უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როცა ის პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, საშუალოდ ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია და ჩვენს საუკუნეში, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო.

ასე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1.5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში,"- ამბობს მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები