27 ნოემბერი 2021,   13:02
ვრცლად
Hilton Garden Inn Tbilisi - ჭავჭავაძის გამზირზე საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Hilton Garden Inn Tbilisi გაიხსნა. სასტუმრო, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ბოლო წლებში ბიზნესტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს.

სასტუმროს გახსნას, მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქს სასტუმროს გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო ტურიზმისა და ბიზნესის სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს.

"მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდის სასტუმრო, ფეშენებელური სასტუმრო, რომლის პროექტის ღირებულება შეადგენს 40 მილიონ დოლარს. მე მინდა ინვესტორს მივულოცო ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, მადლობა ვუთხრა მას და მის ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მივულოცო დედაქალაქს, ვინაიდან ასეთი ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

თბილისის მოქმედმა მერმა მსგავსი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს დედაქალაქში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მერიის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ სასტუმროს გახსნას 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვა.

"ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის სასტუმრო შემოვიდა და ეს შენობა-ნაგებობა ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს... ორი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეს - ერთი ის, რომ მსოფლიო დონის ბრენდია შემოსული სასტუმროების ნაწილში და მეორე ის, რომ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მხრიდან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება მხარდაჭერა ბიზნესსექტორის მიმართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტების განხორციელდეს. დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც," - ამბობს კახა კალაძე. 

დღის ამბები