მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
პარტიებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი, კვლავ ოპოზიციური პარტიების მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობს.
"ნაწილს ფარ-ხმალი აქვს დაყრილი, ნაწილი აპირებს სამართლებრივ დავაში შემოსვლას, თუმცა რა არგუმენტებს მოიშველიებს ამ შემთხვევაში, ძალიან ეჭვი მეპარება. ზოგს გარეთ სურს გაპროტესტება, ზოგი შიგნით. მოსამართლეთა ხელშია, ცხადია, გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მოსამართლეთათვისაც, ის არგუმენტები, ის მტკიცებულებები, რომელიც უმრავლესობის მიერ არის სარჩელით წარდგენილი, ერთადერთ რამეზე მიუთითებს, არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.