21 ოქტომბერი 2021,   09:56
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნილ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა 

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნილ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება - ეს არის მუხლები, რომლითაც ბრალის ფორმულირება მოხდა.

ბრალდებულები 21 და 22 წლის ასაკის აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან. არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომ მათ ქვეყნის დატოვება მოახერხეს.

ოფიციალურ ვერსიაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, თუმცა აღწერილია გარემოებები. ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები მანქანით მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრთდნენ. შემდეგ ჭელიძემ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და ადგილიდან თანამზრახველთან ერთად იმავე ნაქირავები მანქანით მიიმალა.

"კურიერის"ინფორმაციით, ბრალდებულებს ჰყავთ სახაზინო ადვოკატი, რომელსაც ჯერჯერობით მედიასთან სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია და ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე ადვოკატი საქმის მასალებს არ იცნობს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს თუ როგორ ესვრის ტყვიას ახალგაზრდა მამაკაცი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას, რის შემდეგაც რამდენიმე საათში ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა.

ნიკო კვარაცხელიას სამშაბათს დაკრძალავენ.

დღის ამბები