02 აგვისტო 2021,   22:44
ვრცლად
როგორ უნდა მოხდეს გაჟღერებული სიმღერების აღრიცხვა და ჰონორარის დათვლა - მუსიკოსები კანონის ცვლილებას მოითხოვენ, რა პასუხი აქვთ ადრესატებს

ხელოვანების მოთხოვნა და საავტორო უფლებების ასოციაციის პასუხი - საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მუსიკოსები გარკვეული ძალების მხრიდან შეცდომაშია არიან შეყვანილები და, რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს მათ მოთხოვნებს, ვერ აანალიზებენ.

ქართველი მომღერლების მოთხოვნას, რომ მათი ნამუშევრის აღრიცხვაზე და ჰონორარის გადანაწილებაზე პასუხიმგებლობა სხვა კომპანიამ, კერძოდ "გერამ" აიღოს, კანონდარღვევად მიიჩნევენ ასოციაციაში. კომპანიის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ხელოვანების უკმაყოფილება უსაფუძვლოა, მოქმედი კანონმდებლობაა, და ეჭვი რომ კონკურენტი ორგანიზაცია, რუსული ფულით ფინანსდება.

როგორ გადაიჭრას დავა და რა შეიძლება გაკეთდეს უთანხმოების აღმოსაფხვრელად საავტორო უფლებების ასოციაციაში გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავენ. ორგანიზაცია მოუწოდებს მუსიკოსებს ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდნენ და ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ.

დაგვიანებულს - უწოდებენ უკმაყოფილო ხელოვანები, საავტორო უფლებების ასოციაციის შეთავაზებას და მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ. რატომ გახდა მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ორგანიზაცია მიუღებელი მუსიკოსებისთვის, ამაზე მომღერლებს ორი პასუხი აქვთ - არ აღირიცხება მათი სიმღერები და არ ხდება ჰონორარის გადანაწილება. სწორედ ამიტომ ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე მიღებას მოითხოვენ.

"კურიერთან" ხელოვანებმა დღეს კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენეს, როდესაც საავტორო უფლებების ასოციაციამ მათ ჰონორარი არ გადაუხადა.

მუსიკოსებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ხელოვანების ნდობით აღჭურვილი ორგანიზაცია, "გერაში" განმარტეს, რომ აქვთ აღჭურვილობა და სპეციალური პროგრამები რომლებიც მთელი სიზუსტით, სხვადსხვა ობიექტებზე სიმღერებს აღრიცხავს და შესაბამისად ჰონორარსაც გადაანაწილებს, კონკურენტი კომპანიის ბრალდებებს კი, რუსულ სიცრუეს უწოდებენ.

რომელი კომპანია აირებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებებზე აინტერესებთ კვების ობიექტებსაც, რომლებსაც სიმღერების ყველაზე მრავალფეროვანი ჩამონათვალი აქვთ. ამბობენ, რომ ითვალისწინებენ კანონით გათვალისწინებული მითითებებს, თუმცა იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ხშირად, როგორც პროდუქტის მომხმარებელი ასევე ავტორიც შედეგით უკმაყოფილო რჩება.

ხელოვანებმა საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილების მოთხოვნით უკვე მიმართეს, საკომიტეტო მოსმენებიც უახლოეს დღეებში დაიწყება, კანონპროექტი კი საშემოდგომო სესიების დაწყებისას დარეგისტრირდება. 

 

დღის ამბები