24 იანვარი 2021,   17:25
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახი მკურნალობის დაგვიანებაზე საუბრობს

კორონავირუსით გარდაცვლილი  ახალგაზრდის ოჯახი მკურნალობის დაგვიანებაზე საუბრობს. 19 წლის თეკლა თორდიას ნათესავები ამბობენ, რომ კლინიკაში ადგილის არქონის გამო გოგონა მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადიოდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და მდგომარეობა დამძიმდა.

"კოვიდსასტუმროში დასჭირდა სასწრაფო, რადგან სუნთქვა უჭირდა, ხელოვნურად ასუნთქებდნენ, მაღალი სიცხე ჰქონდა, კიდევ აუწია სიცხემ და გადაიყვანეს კლინიკაში ანალიზების ასაღებად. აუცილებლად გადასაყვანია-მეთქი, ადგილები არ არისო, მეუბნებოდნენ, ჩვენ არ ვწყვეტთ ამასო. ამბის გასაგებად რომ მივედით, უკვე აპარატზე იყო შეერთებული. არ გვემორჩილებოდა პაციენტიო. 6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. დიაბეტი რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილის მამამ რატი თორდიამ.

"მძიმედ იყო, რომ დამირეკეს. გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. შაქარი ჰქონდა და გაურთულდა. კლინიკაში ადგილი რომ არ იყო და სასტუმროში ჰყავდათ, მაგან დაამძიმა. ძალიან დაგვიანებით მიიყვანეს, კი მკურნალობდნენ ინტენსიურად, მაგრამ ვეღარ გამოიყვანეს,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილი ბაბუა რადიშ თორდიამ.

კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა შეყვანისას უკვე მძიმე იყო.

დღის ამბები