29 ოქტომბერი 2020,   22:00
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე ვახტანგ ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე მის მიერ მიცემული ბოლო ჩვენება გაიმეორა

რა ჩვენება მისცა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე ვახტანგ ახვლედიანმა 4-საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ - მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და "კურიერის" კითხვას უპასუხა.

ვახტანგ ახვლედიანმა "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დააზუსტა ის, რაც გამოძიებას მესამე ჩვენების დროს მისცა.

მან ჩვენებაში დაწვრილებით აღწერა "ტოიოტა ქამრის" ეპიზოდი, რომლის დროსაც 5 პირი გადმოვიდა ავტომობილიდან და მათ ავტომაგისტრალზე შეკრებილების ცემა სურდათ. ასევე მან აღწერა, რომ გიორგი შაქარაშვილთან ერთად მეორეხარისხოვან გზაზე გადავიდა და დაინახა, როგორ მისდევდა 3 პირი შაქარაშვილს. ამავე ჩვენებაში მას უწერია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

"ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ ჩემი ადვოკატი. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. დავადასტურე ჩვენება, რა მნიშვნელობა აქვს, დავადასტურე ჩვენება," - განაცხადა ვახტანგ ახვლედიანმა.

დღეს მისმა ადვოკატმაც მცირე განმარტება გააკეთა სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

"ვახტანგ ახვლედიანმა განმარტა, გაიმეორა ის ჩვენება, რაც მას ბოლოს გამოძიებისთვის ჰქონდა მიცემული. ჩვენება ის არის, რომ დასახელდა კონკრეტული პირები, ეს ჩვენებები ცნობილია საზოგადოებისთვის და თქვენთვისაც ჟურნალისტებისთვის. შეგნებულად თავს შევიკავებ კონკრეტული სახელების დასახელებისგან, ვინაიდან დახურული, არასრულწლოვანთა პროცესია," - განაცხადა ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ბრალდების მხარის თქმით, ვახტანგ ახვლედიანმა დააკონკრეტა ორი ადამიანი, რომელიც "მერსედესის" ავტომობილიდან გადმოვიდა, ორივე იყო მისი აღწერის მიხედვით სრული ტანის, სავარაუდოდ, მან აღწერა ბრალდებულები გიგა ტატიაშვილი და ნიკა ჟვანია. ასევე პროკურორის განცხადებით, მან დაასახელა არასრულწლოვანი ლ.შ., რომელიც ექვსეულის შორის ახლოს გადაადგილდებოდა და ახვლედიანმა თქვა, რომ სწორედ ლ.შ.-მ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.

"ახვლედიანი დაიკითხა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მან სრულად დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც გამოძიების დროს ჰქონდა მიწოდებული, მოახდინა იმ პირების იდენტიფირება, ვინც გამოძიების დროს ჰყავდა იდენტიფიიცრებული, როგორც სახელებითა და გვარებით, ასევე მათი ვიზუალური აღწერილობით. მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია, მის მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას," - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

ბრალდებულების ადვოკატები კი ამბობენ, რომ ახვლედიანს გვარები და სახელები არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ ფიზიკურად აღწერა ისინი. მათი შეფასებით, ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და იმედოვნებენ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად იქნება ცნობილი.

 

 

 



დღის ამბები