18 სექტემბერი 2020,   14:26
ვრცლად
კომპანია "ფრონტერა" პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს შეასრულოს თავისივე გადაწყვეტილება

ამერიკული კომპანია "ფრონტერა" განცხადებას ავრცელებს. კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს შეასრულოს თავისივე გადაწყვეტილება, დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მისცეს მათ გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დაუბრუნდნენ სამუშაოებს.

"23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კონტრაქტის შეწყვეტას ჩვენს კომპანიასთან, რითიც გვემუქრებოდნენ აპრილიდან მოყოლებული. მსგავსი დადებითი განცხადებების გავრცელება მედიაში მთავრობის სხვა წევრებმაც გააგრძელეს. "ფრონტერა" მიესალმა ამ ამბავს.

მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ასახულიყო. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ "დროებით აჩერებს" კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას. ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა "ფრონტერას" მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისთვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და
მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას, რაზეც მეტყველებს ამ დღეებში მთავრობის მიერ ორგანიზებული და გავრცელებული ყალბი ამბები, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, თითქოს "ფრონტერას" 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია და ა.შ. ეს სიცრუეა!
კვლავ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული ტყუილის გავრცელების კამპანია და ამის ნაცვლად საჯარო განცხადებებს მოეკიდოს გულწრფელად, ხოლო ჩვენს კომპანიას კი ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეგვხვდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოგვცეს გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდეთ სამუშაოებს,"- ნათქვამია "ფრონტერას" განცხადებაში. 

დღის ამბები