18 სექტემბერი 2020,   15:35
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსი დიპლომატების სლოვაკეთიდან გაძევების მიზეზიც გახდა - რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ბრატისლავა სამ დღეში უნდა დატოვონ

სამმა რუსმა დიპლომატმა სლოვაკეთი 13 აგვისტომდე უნდა დატოვოს. ეს ის პირები არიან, რომლებიც ყალბი დოკუმენტებით შენგენის ვიზის მიღებაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილე პირს დაეხმარნენ. კონკრეტულად რა როლი შეასრულეს მათ რომან დავიდოვისათვის ვიზის მიღებაში, უცნობია. მამაკაცი სანქტ-პეტერბურგში მდებარე სლოვაკეთის საკონსულოში აღებული ვიზით ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

რუს დიპლომატთა მკვლელობის გეგმაში ჩართულობა არ უკვირს ჟურნალისტ რომან დობროხოტოვს. ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ქსელ ბელინგქეთის წევრი "კურიერს" უყვება, რომ დიპლომატიურ უწყებებში დასაქმებულთა უმეტესობა ჯაშუშია, რომლებიც კრიმინალურ აქტივობებში არიან ჩართულები. ბელინგქეთის მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტით მტკიცდება, რომ დავიდოვის პერსონა სპეციალურად ხანგოშვილის ლიკვიდაციისათვის შეიქმნა. ირკვევა, რომ მან ბერლინში ქილერს Glock 26-ის ტიპის იარაღი ჩაუტანა.

დავიდოვის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან და ხანგოშვილის მკვლელთან კავშირი დასტურდება მის მიერ ნაქირავები ავტომობილის გადაადგილების ისტორიითაც. დავიდოვი ხშირად მიდიოდა ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის სახლთან, საგზაო კამერებზე "ინფინიტის" ავტომობილი არაერთხელ არის დაფიქსირებული ქალაქ ბალაშიხაში, სადაც ვიმპელის საწვრთნელი ბაზა არსებობს.

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს მკვლელობის ორგანიზებაში რუსი დიპლომატების ჩართულობა არ უკვირს. ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ მისი ძმის ლიკვიდაციის გეგმაში რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობდა.

ხანგოშვილის მკვლელობა დღეს განხილვის თემა იყო გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. გერმანიის პროკურატურა მკვლელობის შემკვეთად სწორედ რუსეთს ასახელებს. ბრალდებას სერგეი ლავროვი კატეგორიულად უარყოფს, არ ეთანხმება გერმანიის პროკურატურის არც იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გამოძიების პროცესში გერმანიასთან არ თანამშრომლობს.

სერგეი ლავროვი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრობს. მორგან ორტაგუსის პოსტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება სლოვაკეთმა რუსეთის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული კრიმინალური ქმედებების გამო მიიღო.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერის" მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ვერ ისაუბრებენ ვინ არიან გაძევებული დიპლომატები. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული. რუსი დიპლომატების გაძევებას სავარაუდოდ კრემლის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. ლავროვის უწყებამ 2019 წლის დეკემბერში საკუთარი დიპლომატების გერმანიიდან გაძევებას ორი გერმანელი დიპლომატის პერსონა ნონგრატად გამოცხადებით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეობდა ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. 

დღის ამბები