25 სექტემბერი 2020,   18:02
ვრცლად
სექტემბრიდან არასრულწლოვანთა ახალი კოდექსი ძალაში შედის - ბავშვების ოჯახიდან განცალკევების მიზეზი სიღარიბე ვერ გახდება

1 სექტემბრიდან ძალაში შედის არასრულწლოვანთა ახალი კოდექსი. ცვლილებების მიხედვით, ბავშვების ოჯახიდან განცალკევების მიზეზი სიღარიბე ვერ გახდება. ასევე ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს სოციალური სამსახური. სოცმუშაკს სასამართლოს ნებართვა დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სამსახური პრობლემებს აღმოაჩენს და დაასკვნის, რომ ბავშვი არასათანადო პირობებში იზრდება, საქმეში მულტიდისციპლინური ჯგუფი ჩაერთვება.

როგორც "კურიერთან" საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, სახელწიფო უნდა დაეხმაროს ოჯახებს, რათა მათ საკუთარი შვილების აღზრდა ნორმალურ გარემოში შეძლონ.

"მშობლები თუ ღარიბები არიან და ვერ უზრუნველყოფენ შვილების ნორმალურ, განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, ეს არ შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ ბავშვი იქნას ოჯახიდან განცალკევებული. პირველ რიგში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ოჯახს, რომ ფეხზე დადგეს, ვთქვათ გარკვეული პერიოდის მანძილზე მისცეს მას სოციალური დახმარების სახით გარკვეული თანხა ან შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა პროდუქტებით და ასე შემდეგ. იმავდროულად, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, რომ მშობელს შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ გზით ვცდილობთ, გავაძლიეროთ ოჯახები," - განაცხადა სოფო კილაძემ.

იურისტი გოგა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი გარკვეულ მითითებებზე და რეკომენდაციებზე მუშაობს იმისათვის, რომ პოლიციელმა სწორად შეაფასოს, საჭიროა თუ არა ბავშვის ოჯახიდან გაყვანა.

"დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს შეამოწმოს პოლიციელმა, რამდენად სწორად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის თაობაზე. სწორად შეაფასა თუ არა პოლიციელმა არსებული რისკები. რა თქმა უნდა, ამისი შემოწმება ხდება და ეს არის მონიტორინგის საგანი დეპარტამენტისთვისაც. დეპარტამენტი მუშაობს გარკვეულ მითითებებზე, რეკომენდაციებზე, იმისათვის, რომ პოლიციელმა სწორად შეაფასოს მოცემულ ვითარებაში საფრთხეები, სწორად ამოიცნოს ძალადობის ფორმა ბავშვების მიმართ და შემდგომში მიიღოს გადაწყვეტილება - საჭირო არის თუ არა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა," - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები