01 ოქტომბერი 2020,   21:17
ვრცლად
ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, პოლიცია შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს - შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.

ამავე საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

დღის ამბები