28 სექტემბერი 2020,   06:06
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანთა ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანთა ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მტკიცებულებებს მოაგროვებს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე. 

საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ არასრულწლოვნების წინააღმდეგ სისხლის-სამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.

მისი განცხადებით, 109-ე მუხლთან დაკავშირებითაც საგამოძიებო უწყება აქტიურად მუშაობს და მტკიცებულებათა შეგროვება მიმდინარეობს. შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში ახალი ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებაში წარედგინოს.

"კურიერის" კითხვას, მოხდა თუ არა 109-ე მუხლის ფარგლებში ამოღება ახალი ავტომობილების და გამოვლინდა თუ არა, რომ გარკვეული პირები, რომლებიც დღეს ბრალდებულები არიან, დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე მომდევნო დღეებში, პროკურორი  პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

"სასამართლო განიხილავს ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილი იქნება დასაშვებად, ვინაიდან, მოპოვებული არის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თავის მხრივ, ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა დაცვის მხარის ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რაზეც ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დაუშვებლად ცნობს.

ყველა მიმართულებით მუშაობს გამოძიება, ყველა ფაქტზე, ყველა პირის მიმართ. ეს ამ სისხლის სამართლის საქმის მასალა არ არის და იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც მიმდინარეობს გამოძიება, ყველა პირის გადამოწმება ხდება," - განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

დღის ამბები