21 ოქტომბერი 2020,   15:30
ვრცლად
თუ იქნება ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, 6%-ინი წლიური ინფლაციის პირობებში, 2026 წელს პენსიონერს 400 ლარი ექნება - ზურაბ მელიქიშვილი

სახელმწიფო პენსიის შესახებ ცვლილებებს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის ის ფორმულა და შეთავაზება, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა არ არის საკმარისი.

ოპოზიციის განცხადებით, ცვლილება პენსიონერების სოციალურ ცხოვრებას არ გააუჯობესებს.

"ამ ნაბიჯით რაიმე სერიოზულს კი არ აკეთებენ, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიონერებს ატყუებენ. მომდევნო პერიოდის განმავლობაში იქნება უარყოფითი ეკონომიკური ზრდა, ანუ, ზრდა არ ექნება პენსიონერებს. მაგრამ რომც იყოს, წელიწადში 4%-იანი ზრდა, 6%-ინი წლიური ინფლაციის პირობებში, ამ შემთხვევაში 2026 წელს ექნება მხოლოდ პენსიონერს 400 ლარი", - განაცხადა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ფორმულა არის ნორმალური, თუმცა ამ ფორმულით მიღებული თანხა დიდ შეღავათს ვერ მიცემს პენსიონერებს.

"პრინციპში, ის დამაკმაყოფილებელია, ითვალისწინებს ინფლაციას, ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას. იმედია, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ იქნება, ახლა როგორიც არის. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამ ფორმულით პენსიონერებისთვის იქნება დიდი შვება," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტი პირველი მოსმენით სახელმწიფო პენსიის შესახებ ცვლილებებს განიხილავს. თუ პარლამენტი პროექტს დაამტკიცებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანას ექნება მექანიზმი, რომელიც პენსიის ზრდას განსაზღვრავს.

საპენსიო ინდექსაციის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ  70-წლამდე ასაკობრივ პენსიონერებს პენსიის ზრდა ინფლაციის მაჩვენებლებს ეყრდნობა, ხოლო 70 წელზე ზემოთ ინფლაციის მაჩვენებელს დაემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 80%.

დღის ამბები