სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის, ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.
ადვოკატი და ოქრუაშვილის თანაგუნდელები განაჩენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეც.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშილი აცხადებს, რომ კანონს განაჩენთა და დაკავებასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემხებლობა არ აქვს.
"ხელმძღვანელობაში მოსამართლემ გაამართლა, მონაწილეობაში კი დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი გამოიტანა იმით, რომ 100 კაცში იყო ირაკლი ოქრუაშვილიც. მე ვთვლი, რომ აქ კანონი არაფერ შუაში იყო არც დაკავების და არც განაჩენის დროს,"- განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა კი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დაელოდება, რის შემდეგადაც, ის აპირებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
"რაც შეეხება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას, ამ ნაწილში გამართლდა, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარის მტკიცებულება. ვიდეოებში კარგად ჩანს ოქრუაშვილი, როგორ ხელმძღვანელობს ჯგუფს შეძახილებით. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მერე გავეცნობით და ალბათ გავასაჩივრებთ,"- განაცხადა ვაჟა თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლიანი ვადით. საქმე ეხება ე.წ გავრილოვის ღამეს.