24 ნოემბერი 2020,   20:09
ვრცლად
კორონას წინააღმდეგ პლანეტა გაერთიანდა - არსებული მედიკამენტების დატესტვის პარალელურად, მსოფლიო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს

კორონას წინააღმდეგ პლანეტა გაერთიანდა. ვირუსის გავრცელების პრევენიციის მიზნით, ექიმებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს და დედამიწის მოსახლეობას რეკომენდაციები ამ ფორმით კიდევ ერთხელ შეახსენეს. 

თითქმის გლობალური კარანტინის ფონზე, სპეციალისტები ახალი შემთხევევების გამოვლენასთან ერთად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ. აგრესიული კორონას დამარცხებას პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაწერილი წესების გარდა, საკუთარი გაიდლაინებითაც ცდილობენ.

ჩინეთმა, სადაც ვირუსმა იფეთქა, კორონას ტრადიციული და არატრადიციული მეთოდები დაუპირისპირა. ქვეყანაში, სადაც ახალი შემთხვევები რეკორდული სისწრაფით იკლებს, დაავადების დასამარცხებლად პრაქტიკაში ისეთი მედიკამენტები დაიტესეტა, რომლებიც ოფიციალურად რეკომენდებული არ იყო. ჩინეთის სამედიცინო სფეროში ირწმუნებიან, რომ იაპონური "ფუჯიფილმის" შვილობილ კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ის მიერ შექმნილი ანტივირუსულმა პრეპარტმა, ფავიპირავირმა უჰანსა და შენჟენში 340 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ტესტირებისას იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მედიკამენტი ცნობილია "ავიგანის" სახელწოდებითაც და მას იაპონელი ექიმები კლინიკური ცდების ფარგლებში იყენებენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტებში, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გამრავლებას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვირუსი უკვე ძლიერადაა გავრცელებული, აღნიშნულ პრეპარატს ეფექტი არ აქვს. 

ჩინეთში ფავიპირავირის კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად დამტკიცებას სახელმწიფო თანხმობა სჭირდება და ეს შესაძლოა, მაისის დასაწყისში მოხდეს, თუ კლინიკური გამოცდის შედეგები ამ დროისათვის უკვე მზად იქნება.

ჩინეთის მსაგვსად, იტალიამაც, სადაც ვირუსი განსაკუთრებული აგრესიით გავრცელდა, პრაქტიკაში უკვე არსებული პრეპარატები გამოიყენა, რომლებიც, ოფიციალურად, რეკომენდებული არ არის. რაც წარმატებული აღმოჩნდა, ის სხვებსაც გაუზიარეს.

არსებული მედიკამენტების დატესტვის პარალელურად, მსოფლიო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. COVID-19-ის განეიტრალებას მკვლევართა ათობით ჯგუფი ცდილობს. მუშაობენ როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან ვაქცინაზე. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა გამოსცადეს. მოხალისე 43 წლის ჯენიფერ ჰალერია. პირველი ტესტი ვაშინგტონის კვლევითმა ინსტიტუტმა "კაიზერ პერმანენტმა" ჩაატარა. ქალს სპეციალისტები რამდენიმე კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, თუმცა წარმატებული გამოცდის მიუხედავად, კვლევები გაგრძელდება და ფართომასშტაბიანი რეალიზაცია 1 წლის, ან წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყება.

პირველი ტესტირების მიზანია დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ამის შემდეგ მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება.

დღის ამბები