26 ნოემბერი 2020,   20:10
ვრცლად
156 930 ინფიცირებული და 5 839 გარდაცვლილი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

156 930 ინფიცირებული და 5 839 გარდაცვლილი - ასეთია სურათი მსოფლიოში. ვირუსმა, რომელმაც ერთ ქვეყანაში იფეთქა, ეტაპობრივად უკვე 150-ზე მეტ სახელმწიფოში შეაღწია - ქვეყნები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ევროპის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ქვეყნაში შესვლა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც შეეზღუდათ, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში იმყოფებოდნენ. კორონავირუსზე ტესტირება მოუწია შეერთებული შტატების პრეზიდენტს. დონალს ტრამპს ვირუსი არ დაუდგინდა. თეთრი სახლის ლიდერმა ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს "კოვიდ 19" დაუდასტურდა. გასულ კვირას დონალდ ტრამპმა მათ ფლორიდაში სადილზე უმასპინძლა. ამერიკაში საერთო ჯამში 3 000-მდე ინფიცირებული და 90 გარდაცვლილია.

საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ესპანეთშიც, სადაც ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ. ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტეს მუზეუმებმა, კულტურულმა ცენტრებმა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. რესტორნები და კაფეები კი, მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ. ქვეყნაში ვირუსით უკვე 196 პაციენტი დაიღუპა, დაინფიცირებულია 6 391 ადამიანი. დაავადებულთა შორისაა ქვეყნის პრემიერის მეუღლე და მთავრობის ორ წევრი.

ახალი კორონავირუსის გამო მუშაობა შეწყვიტეს რესტორნებმა, კაფეებმა, კინოთეატრებმა და კლუბებმა საფრანგეთშიც. ეიფელის კოშკი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა. გადაიდო დაგეგმილი რელიგიური ცერემონიალები და შეკრებები. ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, 91 ადამიანი დაიღუპა. დაავადებას 4 469 პაციენტი ებრძვის. 

საგანგებო ზომებს იღებს ისრაელიც, სადაც 10 კაცის შეკრება აიკრძალა. დაიხურა გასართობი და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. ქვეყანაში დაავადებას 193 ადამიანი ებრძვის. ისრაელის ხელისუფლება ვირუსის სწრაფად აღმოსაფხვრელად პირებს, რომლებთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი, ელექტრონული თვალთვალის სისტემით გამოავლენს.

ფატალური შემთხვევებისა და ინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთის შემდეგ კვლავ მაღალია იტალიაში, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1 441 მიაღწია. დაავადებულთა რაოდენობა კი 21 000-ს გასცდა.

პოზიტიურია სტატისტიკა ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. ამ ქვეყნებმა პანდემია დაამარცხეს. იკლებს როგორც დაინფიცირების, ასევე ფატალური შემთხვევების რაოდენობა. 

დღის ამბები