26 ნოემბერი 2020,   20:01
ვრცლად
COVID-19-ით დაავადებული 13 პირი, მათ შორის NCDC-ის ხელმძღვანელის შვილი - როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული. უმრავლესობას იტალიასთან ჰქონდა პირდაპირი, ან ირიბი კონტაქტი, ორს კი ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებული პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ საშუალოზე მძიმეა. ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვინც იტალიიდან ჩამოსულებს ეკონტაქტა.

კორონავირუსს ებრძვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილიც. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს COVID-19 ლაბორატორიულად გუშინ დაუდგინდა. ინფექციის შესახებ ინფორმაცია მან, სოციალურ ქსელში დღეს დილით, თავად გაასაჯაროვა. ნიკოლოზ გამყრელიძე სავარაუდოდ საკუთარმა თანამშრომელმა დააინფიცირა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ვირუსი ოთხშაბათს დაუდგინდა. დაინფიცირებულთან კომუნიკაციაში მყოფი ყველა პირი, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. ნიკოლოზ გამყრელიძე ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მან, კონტაქტების სია დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე გადაუგზავნა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 დაინფიცირებული პირიდან 12 მკურნალობს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იზოლაციაში მყოფი 33 მოქალაქიდან 2-ის ჯანრთელობის მდგომარეობა გართულდა. ტემპერატურის მატების გამო მათ კლინიკაში ხელახალი გამოკვლევები უტარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიულად კორონა ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა, არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთვევაში შესწავლა ხელახლა მოხდეს. საავადმყოფო ამ მოთხოვნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართავს.

ამ დრომდე იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება ზუგდიდსა და მესტიაში. ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ლუგარის ლაბორატორია კიდევ სამი პაციენტის ნიმუშებს იკვლევს. ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს. მაღალი ტემპერატურით და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით საავადმყოფომ 2 მებაჟე და ერთი მოგზაურობაში მყოფი მამაკაცი მიიღო. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გასაჯაროვდება.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა სტანდარტს იცავს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხზე ვინც ინფექციის სიმპტომებს მალავს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა შესაბამის სამსახურებთან ითანამშრომლონ.

10 დღის წინ ჩინეთში, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ყოველკვირეულმა ჟურნალმა სისტემური მიმოხილვის შედეგები გაასაჯაროვა.

72 ათასი შემთხვევიდან დგინდება რომ:

31 დეკემბრის შემდეგ 20 წლამდე სიკვდილიანობის ფაქტი არ დაფიქსირებულა
სიკვდილიანობის 80 %-ი 60 წელს გადაცილებულ პირებზე ფიქსირდება
დაღუპულთა 50% -ს თანდაყოლილი ქრონიკული დაავადებები ქონდათ - გულ-სისხლძარღვთა სისტემური დაავადება, სიმსივნე, დიაბეტი, ობსრუქციული ფილტვის დაავადებები.

დღის ამბები