05 დეკემბერი 2020,   09:56
ვრცლად
მოსამართლეთა კანდიდატების შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა - ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამაც პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეთა კანდიდატების შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის, ეუთოს და ოდირის მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე  დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.
შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა.

ამ ფაქტმა  უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები