22 სექტემბერი 2021,   23:43
ვრცლად
"ორით ნოლი" - რა ანგარიშით დამთავრდება პროკურატურისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის დავა

პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ გასაჯაროებული მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილი, რომელშიც "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ფულის გათეთრებაზე იყო საუბარი, დღეს მოსამართლემ საქმეში მტკიცებულებად არ დაუშვა. სასამართლო არც უცხოელ ექსპერტებს დაკითხავს. ხმაურიანი სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ მიმდინარე გამოძიება და პროკურატურა პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

"თი-ბი-სი" ბანკის და "ლელოს" დამფუძნებლები დღეს პროცესზე მივიდნენ პოზიციით, რომ ფულის გათეთრების ბრალდების საქმე არსებით განხილვაზე საერთოდ არ უნდა გადავიდეს. მათ ადვოკატებს პროკურატურის დოკუმენტების გაბათილების მოთხოვნით რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო დაერთვებოდა თუ არა საქმეს დასკვნა, რომელიც საგამოძიებო უწყების დაქირავებულმა ექსპერტებმა დადეს. მოსამართლემ მალევე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ეს დასკვნა საქმეში არც მტკიცებულების და არც რეკომენდაციის სახით არ ჩაიდება.

პროკურატურის მიერ დაქირავებული, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების დასკვნაში, რომელიც ბოლო პერიოდში მედიითაც აქტიურად შუქდებოდა, ნათქვამი იყო, რომ ფულის გათეთრების ბრალდების და ამ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი უდავოდ არსებობდა. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი საქმის მასალებს არ დაერთო, ბრალდებულებმა პირველივე შეფასებებში თქვეს, რომ ამ დასკვნის მომზადება მათი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

"ორით ნოლი" -  ლელოს დამფუძნებლები და მათი ადვოკატები სპორტული ტერმინებით მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მათი მეორე შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქმეს დაერთო უცხოეთში გამოკითხული კრედიტორების ჩვენებები, რომლებიც ფინანსური ტრანზაქციების საფუძვლებზე საუბრობენ.

დაცვის მხარის შემდეგი ორი შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და ავთანდილ წერეთლისთვის შეფარდებული გირაოს გაუქმებას და მათთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიში გათანაბრდა. მოსამართლემ პროკურორების პოზიცია გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიებები ძალაში დატოვა. სხდომის მიმდინარეობისას თავად ბრალდებულებიც მწვავე განცხადებებით ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ არამხოლოდ მოწმეებზე ზემოქმედების რისკებზე საუბარი, არამედ მთლიანად ფულის გათეთრების ბრალდება უსაფუძვლოა.

საქალაქო სასამართლოში ხმაურიანი და ხანგძლივი პროცესი დასრულდა. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამ გადაწყვეტილებამ დაცვის მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები