21 ივნისი 2026,   14:47
ვრცლად
"ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით შს სამინისტრომ თბილისსა და ახალციხეში 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა  თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს“ წევრობის და "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა, "სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა."

ბოცვაძის განცხადებით, დაკავებულები არიან 1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. "ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს - 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა - 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება  ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები