ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. მძიმეა ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. შედარებით მსუბუქია მეორე დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევის დიაგნოზით რჩება.
გვიან ღამით ერთ-ერთი დაშავებული მეუღლემ მოინახულა. მარიკა წერეთლის თქმით, მის მეუღლეს სრულიად უცხო პირები დაესხნენ თავს და ის ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.
"პირდაპირ მივმართავ კრიმინალებს. ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე დღეს მომკლეს ჩემს ქმართან ერთად და მე ამას არავის არ ვაპატიებ. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ამბები დამთავრდეს საქართველოში. იცით რა არის? ვითომ კაცები და ვითომ მაგარი ბიჭები ბრჭყალებში, აი რა ჰქვია, ასე წყვეტენ საქართველოში ალბათ ბიზნეს საქმეებს," – აცხადებს დაზარალებულის მეუღლე მარიკა წერეთელი.
რეანიმაციის მორიგე ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"ამ ეტაპზე პაციენტი არის სედაციის ქვეშ, მართვით სუნთქვაზე. პრინციპში შეესაბამება მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა ჯერჯერობით რჩება მძიმე. დილით კიდევ დამატებითი კვლევები ჩატარდება და იმის მიხედვით შემუშავდება შემდეგი მკურნალობის ტაქტიკა. სტაბილურია მდგომარეობა, მაგრამ რჩება მძიმე. მეორე დაჭრილიც არის შემოსული, მისი სიმძიმე არ საჭიროებდა რეანიმაციულ ღონისძიებებს, ამიტომ მოთავსებულია განყოფილებაში," - განაცხადა რეანიმაციის ექიმმა ირინა ტაბიძემ.
გვიან ღამემდე ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმის მოწმეები ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში იკითხებოდნენ. გამოკითხულთა ნაწილმა პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. თვითმხილველებმა კი "კურიერთან" კიდევ ერთხელ გაიხსენეს სისხლიანი დაპირისპირების დეტალები.
"გავიგონე სროლა, გავედი აივანზე, დავინახე ერთ-ერთ მათგანს ეჭირა დანა და ჭრილობას აყენებდა მეორეს. გავედი, დავრეკე 112-ში, მალევე მოვიდა ბრიგადა, რომელმაც გადაიყვანა დაშავებული. დამნაშავე პირების შესახებ არაფერი არ ვიცი," - განაცხადა თვითმხილველმა თიკო გუდავამ.
შემთხვევა გუშინ ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლებით მიმდინარეობს.