28 ოქტომბერი 2026,   01:34
ვრცლად
ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო. ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა, ლევან ჯაფარიძემ როგორც თბილისის საკრებულოს კომისიების, ასევე სამაჟორიტარო ოლქში გაწეული საქმიანობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ლევან ჯაფარიძემ, როგორც საკრებულოს სარევიზიო და გარემოს დაცვის კომისიების წევრმა, აღნიშნული კომისიების მუშაობაზე ისაუბრა. ამასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოსახლეობას ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მიმდინარე წელს გამართული საერთაშორისო ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან ჯაფარიძის თქმით, მიმდინარე წლის აპრილში საკრებულოს დელეგაციასთან ერთად იგი სამუშაო ვიზიტით ერევანში, მაისში კი ბრატისლავაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ამას გარდა, ლევან ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო ვიზიტებისას მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ  გაცვალეს ინფორმაცია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავის ანგარიშში სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ლევან ჯაფარიძის თქმით, კრწანისში გზების რეაბილიტაცია 126 მისამართზე განხორციელდა:  83 მისამართზე შეიცვალა ასფალტის საფარი, 43 მისამართზე დაიგო ქვაფენილი, 16 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე სისტემები, 10 მისამართზე კი მოეწყო საყრდენი კედლები.

ლევან ჯაფარიძემ კრწანისის რაიონისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიც გამოყო. კერძოდ, წინანაურის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის სრულ განახლებას და 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას მოიცავს;  გომის ქუჩის II ჩიხში მოეწყო ძველი ქართული აგურით მოპირკეთებული კიბე-ბილიკი, სანიაღვრე და წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა გარე განათება; ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე ეწყობა 377 გრძივი მეტრის სანიაღვრე კოლექტორი, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვემო ფონიჭალაში, ე.წ. სვანების დასახლების ექვს ქუჩაზე, ხორციელდება 11 000 კვ.მ ასფალტის საფარის კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, კრწანისის რაიონის ექვს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კრწანისის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაც. ლევან ჯაფარიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში რაიონს 5 ახალი სკვერი შეემატა, 6 სკვერს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამას, მის ფარგლებში 150 პროექტი განხორციელდა.

ლევან ჯაფარიძის ანგარიშში ყურადღება დაეთმო კრწანისის რაიონში გამართულ კულტურულ ღონისძიებებსაც. დეპუტატმა  განაცხადა, რომ  საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 10 კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება და 9 სპორტული შეჯიბრება. აღნიშნული ღონისძიებებიდან ლევან ჯაფარიძემ 300 არაგველის სახელობის სკვერში „კრწანისობა 2026“ და იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გამართული „გრიშაშვილობა 2026“ გამოყო.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, მისი მოადგილეები, პარლამენტარი დავით კაჭარავა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

დღის ამბები