17 ოქტომბერი 2026,   00:24
ვრცლად
გზა, რომელზეც ყოველი წამი გადამწყვეტია - პარამედიკოს მაკა ჩაგუნავას მიერ გადარჩენილი სიცოცხლე

ფოთში პარამედიკოსმა მაკა ჩაგუნავამ გულის გაჩერების შემდეგ 42 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. შემთხვევა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს მოხდა - ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მამაკაცს პულსი და დამოუკიდებელი სუნთქვა აღუდგა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.

"ფოთის რაიონულ სამსახურში ქალაქის პოლიკლინიკიდან გამოძახება შევიდა. ექიმთან ვიზიტზე მყოფი 42 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა. ელექტროკარდიოგრამაზე ექიმმა ქვედა კედლის ინფარქტის ნიშნები დააფიქსირა და დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

ადგილზე მისულ ბრიგადას პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში დახვდა. სამედიცინო გუნდმა მამაკაცს პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტური დახმარება გაუწია. ჰოსპიტალიზაციის მენეჯერთან შესაბამისი კლინიკა შეათანხმა და ბრიგადამ პაციენტის ტრანსპორტირება დაიწყო. თუმცა კლინიკამდე მისვლამდე ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. მამაკაცმა გონება დაკარგა, შეუწყდა სუნთქვა და პულსი აღარ ესინჯებოდა. მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა.

პარამედიკოსმა მაკა ჩაგუნავამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. ჩატარდა დეფიბრილაცია და გულ-ფილტვის რეანიმაციის ორი ციკლი. დაახლოებით მეშვიდე წუთზე პაციენტს პულსი აღუდგა და დამოუკიდებელი სუნთქვა დაიწყო, თუმცა ცნობიერება ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღდგენილი.

პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შეფასების შედეგად კარდიოგენური შოკი დადასტურდა. შესაბამისი მედიკამენტური დახმარების გაწევის შემდეგ მამაკაცს ცნობიერება აღუდგა.

ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და ადეკვატური ცნობიერებით კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას კორონარული სტენტირება ჩაუტარდა, მკურნალობა კი შესაბამის განყოფილებაში გაგრძელდა.

მოგვიანებით მაკა ჩაგუნავას პაციენტის მეუღლე დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მაკა მადლობას უხდის ბრიგადის წევრებს დროული რეაგირებისა და საჭირო დახმარებისთვის.

მაკა ჩაგუნავა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პარამედიკოსად უკვე მეშვიდე წელია მუშაობს. მის პრაქტიკაში ეს გულის გაჩერების შემდეგ პაციენტის წარმატებული რეანიმაციის მეორე შემთხვევა იყო.

ზოგჯერ სიცოცხლის გადასარჩენად რამდენიმე წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთ დროს პროფესიონალიზმი, სწრაფი რეაგირება და გუნდური მუშაობა პაციენტისა და მისი ოჯახის იმედად იქცევა", - წერს სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".

დღის ამბები