14 ოქტომბერი 2026,   18:34
ვრცლად
დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

"ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს.

"თავდაცვისუნარიანი დემოკრატია გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მომართული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ სასარჩელო წარმოების მომსწრენი ვართ ჩვენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს.

პირველ ეტაპზე ვნახეთ სრულიად არალოგიკური განაცხადი მოსამართლის, როდესაც ის აცილებას ითხოვდა, არ დაუკმაყოფილდა აცილება და შემდგომ მან დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, გაქცევას პასუხისმგებლობისგან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მოსამართლისთვის შესაფერისი საქციელი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები