გარე დავალებები საკუთარ ხალხთან საუბრის ნაცვლად და შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გამოგონილი ნარატივები - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებებს, რომელიც სატელევიზიო ეთერებში ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებასა და სამთავრობო კრიზისზე საუბრობდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური ფლანგი კვლავაც დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული. ხალხის მხარდაჭერისა და რეალური პოლიტიკური არგუმენტების არქონის გამო, მუდმივად ცდილობს საზოგადოებისთვის ილუზიების შექმნას და გამოგონილი "ხელოვნური კრიზისებით" მხარდამჭერების დარწმუნებას.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის კრიტიკული დამოკიდებულკება "ქართული ოცნების" მიმართ გაფართოების სამუშაო ანგარიშში გამოჩნდა.
"ევროკავშირის კრიტიკული დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ უკვე გამოჩნდა მაშინ, როდესაც გაფართოების სამუშაო ანგარიში გამოქვეყნდა. "ასავალ-დასავალიც" ძალიან ხშირად წერს ბოლო დროს კობახიძის მაკრიტიკებელ სტატიებს, რომლებიც მთავარ გვერდზეა გამოტანილი; ეს კი მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც „ქართული ოცნების“ რომელიმე მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.