"მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა,", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, 153-ე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, დღესვე გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები.
"დღეს გაიმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არჩევნები იმართება სამ წელიწადში ერთხელ. სამი კანდიდატია წარმოდგენილი: ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩილელი სენატორი. სამივე მათგანთან გვაქვს საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა.
ჩვენ ამ ასამბლეას, როგორც იცით, ვიყენებთ ძირითადად იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საქართველოდან გეოგრაფიულად შორს არიან. საუბარი გვქონდა აფრიკის პარლამენტის წარმომადგენლებთან. ვესაუბრეთ ოკუპაციაზე, ვესაუბრეთ არაღიარების მნიშვნელობაზე.
მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. საკმაოდ მეგობრული და კონსტრუქციული ტონი იგრძნობოდა ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ორმხრივ ფორმატშიც.
მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ესაუბრო წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის წარმომადგენლებს და შენი სიმართლე გააგებინო. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი არის მიუღებელი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.