საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო ინსტიტუციების მიმართ არსებულ ნდობის კრიზისს ცხადჰყოფს და აჩვენებს, რომ სადამკვირვებლო მისიები ზოგჯერ ქვეყნებში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენება.
"ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, საერთაშორისო ინსტიტუციების მიმართ, განსაკუთრებით რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე, ვხედავთ ჩვენ, რომ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა და აერია სიტუაცია.
ვიცით ჩვენ ფაქტებით, რომ ეს ორი დელეგაცია, ზეწოლას ახდენდა ეუთოს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ შეეცვალათ თავდაპირველი მათი დასკვნები.
ასე, რომ ყველამ იცის და ვინ თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის 2024 წლის არჩევნებში, როდესაც მათ შორის ვნახეთ ჩვენ, მაგალითად, IRI-ის და NDI-ს აბსოლუტურად ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით.
ასე, რომ ვინ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის სინამდვილეში რა მიზნები აქვთ ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას და ეს ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს ამის გამოხატულებაა საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება, რომ ეუთოს მისია არ მიიწვიეს." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.