პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე პარტია "ახალში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია "ახალი" იშლება. მიზეზად ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის არსებული დაპირისპირება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მელიას პრეტენზიები აქვს გვარამიასთან და მას პარტიის მიზანმიმართულ დაშლაში ადანაშაულებს.
არჩილ გორდულაძის შეფასებით, ეს არის შოუ და მასკარადი, რომელსაც ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ, თუმცა რაც მათ ნამდვილად აერთიანებთ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.
"ჩვენ ვხედავთ შოუსა და მასკარადს ე.წ. პოლიტიკოსების შესრულებით, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგრამ ეს შოუ და მასკარადი გადაიქცევა ისევ ერთიან ძალად, რომელიც საქართველოს ინტერესებს დააზიანებს, ან, ყოველ შემთხვევაში, შეეცდება მაინც. კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ მაგალითად რევოლუციური გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და თავიანთი მმართველობა დამყარონ, იმიტომ რომ ასეთი იქნება მათი პატრონების მითითება.
ისევ ერთიანები იქნებიან და არიან ახლაც მაგალითად ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენი წარსულის, ჩვენი კულტურის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფაშისტური გამონათქვამებით არიან გამორჩეულები. ხოლო ეს ერთმანეთში პირადი დაპირისპირება, ეს მათი პირადი დაპირისპირებაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი ბოროტი სული და პოლიტიკური რაობა არ შეიცვლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს მათი არაკონსტიტუციური ქმედებები და მათი საქმიანობა აიკრძალოს," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ავტორი: ნანა გოგატაძე