02 ოქტომბერი 2026,   16:42
ვრცლად
ამ კვლევის შედეგი არის მთელი "ნაციონალური მოძრაობის" მიწასთან გასწორებული რეიტინგი - ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში, ოპოზიციურ პარტიებში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.

IRI-ის კვლევაზე მმართველ გუნდში პოლიტიკური შეფასებები კეთდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს სიმართლეს უმალავენ.

"ISFED-იდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს იმ მნიშვნელოვან ფაქტებს უმალავენ, რომელიც მათთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნებთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტია თავისი დანაყოფებით არის განულებული, მათ ნული აქვთ რეიტინგი და, როგორც ჩანს, ეს ვიღაცას, ვინც კვლევა ჩაატარა, არ მოეწონა, არ ესიამოვნა. ყოველ შემთხვევაში, ამ კვლევის შედეგები მათ მიერ ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესო არის, მათგან არც უარყოფა მოგვისმენია, რომ ეს კვლევა ჩატარდა და ამ კვლევის შედეგი არის მთელი "ნაციონალური მოძრაობის" მიწასთან გასწორებული რეიტინგი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები