30 სექტემბერი 2026,   19:19
ვრცლად
"ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს... ის მომხრეებიც არ დაკარგონ" - ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე

მეორე დღეა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

"IRI-ის კვლევებით მიჩვეულები ვართ, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გაცილებით ნაკლებს უწერენ ხოლმე, ვიდრე რეალობაა და ვიდრე შემდეგ არჩევნები ამას ადასტურებს. თუმცა ის სხვაობა, რაც კვლევაში არის დატანილი ჩვენსა და მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას შორის ცხადყოფს იმ რეალობას რაც გვაქვს სახეზე. ქართველი ხალხი უარს ეუბნება აგენტურას და უარს ეუბნება უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მართვას და უარს ეუბნება ჩვენი ქვეყნის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირებას. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას მყარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნებთ საქართველოს თავის ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით. ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს, რომელიც ძალიან ცოტა ჰყავთ დარჩენილი, ის მომხრეებიც რომ არ დაკარგონ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები