30 სექტემბერი 2026,   14:51
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს. ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

ანგარიშში შეფასებულია საგარეო სექტორიდან მომდინარე მოწყვლადობები და დეტალურად არის გაანალიზებული შინამეურნეობების, არაფინანსური კომპანიებისა და უძრავი ქონების სექტორებში არსებული ტენდენციები და რისკები. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა უშუალოდ ფინანსური სექტორის ანალიზსა და მისი შოკების მიმართ მდგრადობის შეფასებას. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღონისძიებებს და აფასებს მათ გავლენას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც მთლიანად ფინანსური სისტემის მასშტაბით რისკების შემცირებაზე ორიენტირებულ მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, ისე ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებისკენ მიმართულ მიკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.8% შეადგინა, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების ზრდამ შეიტანა.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მშპ-თან ფარდობა კვლავ მისი გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთაა, შესაბამისად, საკრედიტო გაპი უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი კიდევ უფრო გაიზარდა.

კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ეტაპობრივი ნორმალიზების პირობებში, სესხების მშპ-თან ფარდობა დროთა განმავლობაში მის გრძელვადიან დონეს დაუახლოვდება. აღნიშნული დინამიკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განაგრძობენ.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება.

ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას.

ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.

 

დღის ამბები