მეორე დღეა ოპოზიცია ამტკიცებს რომ აირაის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. აირაის ევრაზიის წარმომადგენლობას კურიერმა წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს. პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ კვლევას უნდა ჰქონდეს გამოქვეყნების თარიღი.
"არა, რა დავმალეთ? და საერთოდ რა იცით, რომ ეს IRI-ს კვლევაა? უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურად, მას უნდა ჰქონდეს გამოქვეყნების თარიღი, მას უნდა ჰქონდეს ყველა ის მონაცემები, სანამ მე არ მეცოდინება ვინ არის ამ კვლევის ავტორი, ვინ არის დამკვეთი, ვინ შეასრულა, რა მოხდა, მას ოფიციალურად სანამ არ წარადგენენ, მანამდე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.