ამჯერად ოპოზიციონერები ერთმანეთს IRI-ის კვლევის გამო დაუპირისპირდნენ. განულებული, 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ.
"ფედერალისტების" ლიდერმა, რომლის პარტიამაც IRI-ის კვლევაში 1%-იც კი ვერ აიღო, ასევე პროცენტიანი "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ხაზარაძეს "ჯიბის ძაღლიც" კი უწოდა. დაპირისპირებაში ჩართული არიან იაგო ხვიჩიას პარტიის წევრებიც. სანდრო რაქვიაშვილი კვლევის შედეგებს ოპოზიციის უუნარობას და მათ არასწორ სტრატეგიას უკავშირებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მათი დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ცდილობენ, გარე მხარდამჭერებს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ, რათა არსებული დაფინანსების რესურსი მათ მიიღონ. მაჭავარიანის შეფასებით, ოპოზიცია საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული არასდროს ყოფილა და მათი ერთიანობა ძალაუფლების სურვილს ეფუძნებოდა.
"პერსპექტივა არაფრის არა აქვთ. რა თქმა უნდა, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ზოგადად გამოირჩევა ძალიან ბინძური განცხადებებით, თუმცა რაც ბატონ კუპრაძესთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ის შემთხვევა არის, გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც მე მას ვეთანხმები. თუმცა, იგივე ლექსიკით, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებ, რომ გავიმეორო და ზოგადად ძალიან კარგია, რომ ლუსტრაციას ახდენენ საკუთარი თავის ჩვენი საზოგადოების წინაშე.
თუმცა, ხელოვნურის გარდა, ბუნებრივი ხმაურიც არის ოპოზიციაში. ეს არის გამოწვეული იმით, რომ მათ ერთმანეთი ეზიზღებათ. ისინი არასდროს რაიმე იდეის გარშემო არ იყვნენ გაერთიანებულები, ისინი მხოლოდ ერთიანდებოდნენ იმ წყურვილის გამო, რომელიც ძალაუფლების მიმართ გააჩნიათ. რახან დეფიციტურია დღეს მათ დაფინანსება, ვინაიდან ავამუშავეთ გრანტების შესახებ კანონი, გამჭვირვალობის კანონი, ბატონმა ტრამპმა დაკეტა USAID და NED, რომელიც პირდაპირ ექსტრემიზმს აფინანსებდა - მდიდარ ენჯეოებს და რადიკალურ ოპოზიციას ჩვენს ქვეყანაში - ამ დეფიციტური დაფინანსების ფონზე ისინი ერთმანეთს ჭამენ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ დაუმტკიცონ თავიანთ გარე პატრონებს, ვინ ვის ჯობია, რომ ის დეფიციტური დაფინანსება მათ წაიღონ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე