პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტის საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებას საფუძველი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ჩაეყარა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რაც ოკუპაციას ნიშნავს.
"რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დაადგინა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი და უფრო მეტიც, ოკუპირებული არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან, 90-იანი წლებიდან რუსეთი არის სახელმწიფო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ოკუპაცია.
და მეორე, ოკუპაციას რაც შეეხება: წლების განმავლობაში, ბოლო წლებამდე, ევროკავშირი არცერთ დოკუმენტში, არცერთ განცხადებაში არ ამბობდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებს მოიხსენიებდა არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ სხვა ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა, როგორც საქართველოდან, ასე ვთქვათ, გამოხლეჩილ ტერიტორიებს.
ჩვენი მუდმივი მოწოდებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წელი იქნება ალბათ, რაც ზოგიერთ განცხადებებში, მხოლოდ ნაწილობრივ ოღონდ, ჩასწორდა ეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენიებიან, ოღონდ კომბინაციაში: ოკუპირებულ და გამოყოფილ ტერიტორიებად, რაც ასევე მიუღებელია ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირი უნდა შეეშვას ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და ოკუპაციას უნდა დაარქვას ოკუპაციის სახელი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.