აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს მასშტაბური დახვედრა მოუწყო - სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენითა და 30-მეტრიანი წითელი ხალიჩით. ამ ცერემონიით ვაშინგტონში ორი ლიდერის სამდღიანი სამიტი დაიწყო, - წერს მედია.
ტრამპი სი ძინპინის დელეგაციას პირადად აეროპორტში დახვდა. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრმა გაიარა, ასაფრენ ბილიკზე კი ამერიკული და ჩინური დროშები ფრიალებდა.
დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სი ძინპინი და მისი მეუღლე, ფენ ლიუანი მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ ბაზაზე ოთხშაბათს საღამოს მიიღეს.
ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში 2015 წლის შემდეგ. მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ირანის ომი, ტაივანი და სავაჭრო ზავის გახანგრძლივება.
ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 17:39 საათზე დაეშვა.
ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მოკლედ ისაუბრეს, რის შემდეგაც წითელ ხალიჩაზე გაიარეს. აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრის შესრულებით, ეროვნული ჰიმნების ფონზე, ბაზას ორი B-1 ტიპის ბომბდამშენმა გადაუფრინა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა 1962 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის ლიდერს ბაზაზე პირადად უმასპინძლა (მაშინ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ მაკმილანი მიიღო), რაც ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ტრამპი ამ ვიზიტს ანიჭებს.
ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი სავაჭრო ზავს იანვრამდე გაახანგრძლივებენ. შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ტრამპმა ზოგიერთ საქონელზე ტარიფები შეამცირა, ძალას 10 ნოემბერს კარგავდა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და აშშ „დიდი ქვეყნები არიან, მათი ხალხი კი - დიდებული“.
„ორი ქვეყანა მეტოქეების ნაცვლად პარტნიორები უნდა იყვნენ“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.