სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ დურბანთან ახლოს მდებარე დასახლებაში, სახლში გამართული წვეულების დროს სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა, დაღუპულებს შორის ორსული ქალია. ინციდენტი სამშაბათს გვიან საღამოს, ქალაქ დურბანიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე კვამახუთას რაიონში მოხდა, როდესაც მოქალაქეები სახლში წვეულებაზე იყვნენ შეკრებილები.
სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელები მიმალვაში არიან და ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. პოლიცია მომხდარის შესაძლო მოტივად დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახლში მყოფი ზოგიერთი პირი პოლიციისთვის წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამო იყო ცნობილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სამხრეთ აფრიკაში ბოლო წლებში მომხდარი მასობრივი მკვლელობების მორიგი მძიმე შემთხვევაა. ქვეყანაში მკვლელობების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და ყოველდღიურად საშუალოდ 60-მდე მკვლელობა ფიქსირდება.