24 სექტემბერი 2026,   06:48
ვრცლად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები - იგნასიო კასისი

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე იგნასიო კასისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შინაარსიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შვეიცარია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები ეუთოსა და რეგიონში დიალოგის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მოუთმენლად ველი საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტს," - წერს იგნასიო კასისი X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. მანამდე, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიებსა და ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობს. ცნობილია, რომ შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი და ეუთო-ს თავმჯდომარე ოქტომბერში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

დღის ამბები