"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს", - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ პრემიერის შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, სააკაშვილისა და ბარამიძის განცხადებების შემდეგ, გვარამიას პოზიცია ოკუპირებულ რეგიონებზე კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რა ადგილი უკავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროინტეგრაციის ხედვაში. მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის. მმართველ გუნდში შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობენ.
ნიკა გვარამიას, გიორგი ბარამიძის და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, შეფასებები კეთდება ვეტერანების მხრიდანაც. აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, შესაძლოა აღნიშნულ ადამიანებს მსგავსი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებას ვინმე აიძულებს.
"როგორ უნდა შეაფასო ფაშისტური განცხადება, როდესაც ეთნოსის სიძულვილზე არის ლაპარაკი. 21-ე საუკუნეში, ალბათ, ჰიტლერის ეპოქაც არ ჩაბარდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ნიკა გვარამიას ამ განცხადების გაკეთების სურვილი ჰქონდა, ისევე, როგორც გიორგი ბარამიძეს არ ჰქონდა იმ განცხადების გაკეთების სურვილი. ვიღაც დაინტერესებული მხარე ამ ადამიანებს ლურჯ ვეშაპს ათამაშებს საქართველოს წინააღმდეგ და აქვს რაღაც მიზეზი ან რაღაც ბერკეტები, რომ ეს ადამიანები აიძულოს ასეთი სისულელეები და ბოროტებები ილაპარაკონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კიდევ არის ორკესტრირებული, სხვათა შორის, მათ მესამე ხმაც ჰყავთ ციხიდან – მიხეილ სააკაშვილი, ისიც ეხმიანებოდა და ისიც აცხადებდა იმ არარსებულ სიძულვილის შესახებ, რომელიც ეთნიკურ ნიშნით გამოეხატება, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ქართველებში. სხვათა შორის, გვარამიას განცხადება ამით იყო საინტერესო, რომ ქართველებსაც სძულთ აფხაზები. არ ვიცი, ეს შეიძლება გვარამიას პირადად სძულს აფხაზები. მე ნამდვილად ნაომარი ადამიანი ვარ, უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს დაკარგული და ერთხელ არ მითქვამს, რომ აფხაზები მძულს," - აცხადებს აფხაზეთის ომის ვეტერანი, მალხაზ თოფურია.