დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა მცირერიცხოვანი დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე - შეკრებილები Eagle Hills-ის მასშტაბურ ინვესტიციას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორი კონსერვატორების განმარტებით, საქართველოში უნდა შეწყდეს ყველანაირი ინვესტიციის შემოსვლა.
ამ მოსაზრებას აბსურდს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეტი ინვესტიცია საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების წინაპირობაა.
"მოულოდნელი, ალბათ, ნაკლებად არის, თუმცა მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, მითუმეტეს ეთნიკური ნიშნით, როდესაც ხდება კონკრეტულ ინვესტიციაზე იარლიყის მიწებება, ეს აბსოლუტურად არასწორია. უფრო მეტიც, ამ პროექტის თითოეული ასპექტი ემსახურება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ, როგორც ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი, მსოფლიოში ვართ მოწინავე ეკონომიკური ზრდის ტემპით, მათ შორის, ეს არის განპირობებული მსგავსი პროექტებით, აქ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ინვესტიციაზე. შესაბამისად, მსგავს აქციებს, ეგრეთ წოდებულ აჟიოტაჟს, წარმატების არანაირი შანსი არ აქვს," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.