10 სექტემბერი 2026,   00:42
ვრცლად
მედია: ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სანქციებს ტრამპი არ შეეწინააღმდეგა

ტრამპის ადმინისტრაციას არ გაუპროტესტებია ბრიტანეთის მიერ წამოყენებული წინადადება, რომელიც მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებზე ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე და დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის გადაწყვეტილება - არ შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის ძალისხმევას, რომელსაც კიდევ 11 დასავლური ქვეყანა შეუერთდა, იმის სიგნალია, რომ აშშ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა.

ცნობისთვის, სამშაბათს, დიდმა ბრიტანეთმა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობაში მონაწილეობენ.

დიდმა ბრიტანეთმა აკრძალვა ისრაელის დასახლებებიდან საქონლის იმპორტზეც დააწესა.

როგორც axios-ი წერს, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ სადავო E1-ის ტერიტორიაზე ახალი დასახლების მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მოჰყვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლების მშენებლობა დასავლეთ მდინარე იორდანეს სანაპიროს გაყოფას გამოიწვევს და მომავალში პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ხელს შეუშლის.

გამოცემის ინფორმაციით, E1-ის ტერიტორიაზე მშენებლობას აშშ-ის ადმინისტრაციები - როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, კანადამ, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა, "ეროვნული შეზღუდვების დაწესების და/ან ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან საქონლის ვაჭრობაზე ევროპული შეზღუდვების მხარდაჭერის“ შესახებ განაცხადეს.

საპასუხოდ, ნეთანიაჰუს მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადა, რომელიც პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს აკონტროლებს. მან ასევე გააძევა ბრიტანელი დიპლომატები და სამხედრო პერსონალი, რომლებიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ღაზას რეგიონის სამუშაო ჯგუფში ირიცხებოდნენ. ასევე, დაასრულა ბრიტანეთის სამხედრო საწვრთნელი მისია დასავლეთ სანაპიროზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების გამოცხადებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა პრეზიდენტ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ბერნჰემისთვის არ უთხოვია, რომ კურსი შეეცვალა.

 

 

დღის ამბები