აშშ-ში, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 15 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პარკის წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპული 46 წლის მამაკაცის ცხედარი კოლორადოს მდინარეზე იპოვეს. პარკიდან 62 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, პარკის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა შაბათს, 29 აგვისტოს, ძლიერი წვიმების შემდეგ დაიწყო. ღვარცოფმა ქვების ჩამოშლა გამოიწვია, სხვადასხვა ლითონის კონსტრუქციები და ნამსხვრევები კი მდინარე კოლორადოში ჩარეცხა.
პარკის წარმომადგენლების ინფორმაციით, წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას "ბრაით ენჯელ კანიონის" ტერიტორიაზე, სადაც პარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხმავლო ბილიკი მდებარეობს. სხვა დაზიანებებთან ერთად, დაზიანდა მილი, რომელიც პარკს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის წყლით ამარაგებდა.