28 ივლისი 2026,   12:46
ვრცლად
გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს უნივერსიტეტებსა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, ასევე ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და რეფორმის ფარგლებში განათლების ხარისხის ზრდის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე, რაც სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ტექნოპარკის (METU Technopark) სასწავლო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო.

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია თურქეთში. სასწავლებელი 1956 წლიდან ფუნქციონირებს და ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებს განსაკუთრებით ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, არქიტექტურის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.

მინისტრთან ერთად უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

დღის ამბები